გასაგებია ყველაფერი. მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით
ვისულელებდი ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –
ეს ჟამი ქვების
შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი უსაშველოდ, სამარცხვინოდ
გაიწელა: შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი, უზარმაზარი გალავანი
ამოშენდა ჩემს გარშემო, და იმსიმაღლე – გინდაც მოვიდეს ჟამი
სროლის, ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ, ვერ
გადავაგდებ გალავნის მიღმა.
განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება
ჩამოიშალონ ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები და მომსრისონ.
ვზივარ უძრავად
და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ; ზოგიერთი
მიყვარდება, მაგრამ ვერ ვუმხელ.